ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ლიეტუველ პოლიტიკოსს ეხებოდა და აღნიშნა, რომ ასეთი შეფასებები ღარიბაშვილის მხრიდან სამარცხვინოა.
როგორც ბოკერიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი განცხადებები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მისამართით ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
"ეს არის სამარცხვინო, ღარიბაშვილის სტანდარტითაც კი გამორჩეულად სამარცხვინოა და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებები, რომელიც შეეხებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარ პერსონას - ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს და ხაზს ვუსვამ, ამ მთავრობის დროს, შეერთებულ შტატებში ლიეტუვის ელჩს, რომელიც გამოირჩეოდა საქართველოს მხარდაჭერით. ამ საოცარმა ბრიყვმა და საქართველოს ეროვნული ინტერესების მავნებელმა იხმარა ტერმინი "პარტიის მეგობარი ქვეყანა" - "ნაციონალური მოძრაობის მეგობარი ქვეყანაო". მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია", - განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, 3-დღიანი ვიზიტის განმავლობაში პავილიონისმა არაერთხელ თქვა, რომ არსებული კრიზისის განსამუხტად აუცილებელია დიალოგი. მისი თქმით, უნდა შეწყდეს რეპრესიები, პოლიტიკური დევნა, სასამართლოში მიმდინარე საქმეები პოლიტიკური ლიდერების მიმართ, იმისთვის, რომ საქართველო დასავლური ოჯახის - ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს. პავილიონისისვე განცხადებით, ეს აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის.
ლიეტუველი პოლიტიკოსის ამ განცხადებებს მმართველი პარტია და მათ შორის პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურნენ. ღარიბაშვილის თქმით, "პავილიონისის განცხადებები მიუღებელი და აღმაშფოთებელია, არაფერს ნიშნავს".